ჩემპიონმა მონტენეგროელი ლეგიონერი დაიმატა - ბათუმის „დინამოში“ დენკოვიჩი ითამაშებს #1TVSPORT
ირაკლი ბიძინაშვილისა და მილან რადინის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა – საქართველოს ჩემპიონის ახალწვეული, ჩერნოგორიელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩია.
დენკოვიჩი ორი ქვეყნის – სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეა. საფეხბურთო კარიერა 2009 წელს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ დაიწყო, 2009-2011 წლებში სერბეთის „სოპოტში“ იჯარით წავიდა, ხოლო 2011-2013 წლებში ისრაელში, ჰაიფას „ჰაპოელში“ თამაშობდა.
2013 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს „ვოივოდინასთან“, ხოლო 2014 წელს უნგრეთის „პუშკაშ აკადემიაში“ გადავიდა. მის კარიერაში ასევე იყო პოლონური „ზავიშა“, სერბეთის „ზემუნი“, მონტენეგროს „ბოკელი“, ჩერნოგორიის „სუტიესკა“, სერბეთის „სპარტაკი სუბოტიცა“, 2021 წლიდან ყაზახურ „კაისარში“ თამაშობდა და 28 მატჩში ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ჰაიფას „ჰაპოელში“ ტოტოს თასის მფლობელი (2013) გახდა, ხოლო 2018 წელს „სუტიესკაში“ მონტენეგროს ჩემპიონობა იზეიმა. 30 წლის სტეფან დენკოვიჩი სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეა, მაგრამ არჩევანი მონტენეგროს სასარგებლოდ გააკეთა და ამ ქვეყნის 19 (6 მატჩი, 1 გოლი) და 21-წლამდელთა (3 მატჩი) ნაკრებებში ითამაშა.
დენკოვიჩი ფლანგის შემტევია, ძირითადად მარცხნიდან ათამაშებენ. სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმის „დინამოს“ ამ პოზიციის რომელიღაც მოთამაშე დატოვებს.