„ჩემპიონატი“ - კვარაცხელია არც ისე ცუდად თამაშობს, როგორც აკრიტიკებენ, მომენტებსაც ისევ ის ქმნის #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ თამაში არ ჩაუგდია – ასეთია ავტორიტეტული გამოცემა „ჩემპიონატის“ შეფასება, რომელიც რუსული მედიის საერთო პოზიციას გაემიჯნა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის თამაშის ობიექტური გაანალიზება სცადა.
ბოლო დროს ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი რუსული მედიის აგრესიული კრიტიკის სამიზნეა, რადგან მან გაბედა და თქვა, რომ უკეთეს ლიგაში წასვლა სურს. საპასუხოდ კრიტიკაზე მეტი მიიღო.
„ბოლო ტურში ლეონიდ სლუცკის „რუბინი“ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ დამარცხდა და გავარდნის ზონას მიუახლოვდა. ხოლო მწვრთნელმა მკაცრად შეაფასა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში – ქართველი, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა, გასახდელში გაიქცა – ეს, სხვათა შორის, სეზონში თავდამსხმელის ყველაზე ადრეული შეცვლა იყო. სლუცკის კრიტიკა საშინლად ჟღერდა – ასეთმა საჯარო განცხადებამ შეიძლება ადვილად გამოიწვიოს გაუგებრობა ან ფეხბურთელის შინაგანი პროტესტი. მაგრამ მართლა ასეთი ცუდი იყო ხვიჩა? კვარაცხელიას მთავარი მინუსი ზოგადად გუნდურ თამაშში მისი დაბალი ჩართულობა იყო. თუმცა ეს მხოლოდ ხვიჩას კი არა, მარცხენა მცველის ზუევის ბრალიც იყო. პარადოქსი ისაა, რომ მცირე ჩართულობითაც კი, კვარაცხელიამ შესვენებამდე „რუბინის“ სამი სახიფათო მომენტიდან ორი შექმნა. „რუბინმა“ ეს შანსები გოლად ვერ გადააქცია. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუნდაც მცირე ჩართულობით, დრიბლინგისა და დარტყმების არარსებობით, კვარაცხელიამ მეტოქეს ორი ყველაზე მტკივნეული მომენტი შეუქმნა. ასე რომ, მან თავისი წუთები არც ისე უღიმღამოდ ჩაატარა. იქნებ თამაში დაცვაში ჩააგდო? უკანა ხაზშიც ძნელია მის თამაშს მარცხი უწოდო“, – წერს გამოცემა.
„ჩემპიონატის“ ვერსიით, სლუცკის კვარაცხელიასთან პრობლემები აქვს.
„ახლა მთავარია, რა იქნება შემდეგ? ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ „რუბინმა“ წლის ბოლო მატჩი ლიდერის გარეშე ჩაატაროს – პრესკონფერენციაზე სლუცკის გამოსვლა ძალიან საშინელი იყო, ისევე როგორც შეცვლის შემდეგ ხვიჩას გასახდელში შევარდნა, როდესაც მან მწვრთნელს გვერდი აუარა და ხელი არ ჩამოართვა. ეს საჩვენებელი იყო. სავარაუდოდ, სლუცკისა და ფეხბურთელის საუბარი შესვენებაზე შედგა. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ნაბიჯი გუნდის პრობლემებს მომენტალურად აგვარებდეს. დიახ, ხვიჩა არ ლიდერობს „რუბინს“, არ აჩვენებს შარშანდელი დონის 30%-საც და აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს ზამთარში, ასე გაგრძელება არ შეიძლება. მაგრამ ყაზანელები ასევე იტანჯებიან დაცვის ფლანგებზე, სტანდარტებიდან სტაბილურად უშვებენ, ვერ აკონტროლებენ საყრდენ ზონას, შემოქმედებითი მხარე კი უფერულად გამოიყურება და საერთოდ, უცებ აღმოჩნდა, რომ ძალიან მცირე რესურსი აქვთ. ხოლო სლუცკის სიტყვები ხვიჩაზე და მისი სასწრაფო შეცვლა, დიდი ალბათობით, მწვრთნელის ნერვული რეაქციის შედეგია. „რუბინი“ ხომ მართლაც კრიზისშია – მწვრთნელი გუნდს ვეღარ აკონტროლებს“.