„რუბინმა“ მცველის შეცდომების შედეგად წააგო - სლუცკი კვარაცხელიას აკრიტიკებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ ლიგის დებიუტანტ „ნიჟნი ნოვგოროდს“ ესტუმრა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. რუსულმა მედიამ ხელი ისევ ქართველი თავდამსხმელისკენ გაიშვირა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ყაზანელებმა დებიუტანტ „ნიჟნი ნოვგოროდისგან“ ორი გოლი გაუშვეს და ორივე მარჯვენა მცველ გეორგი ზოტოვის უხეში შეცდომების შედეგად. „რუბინმა“ გოლი მეტოქის პირველ შეტევაზე გაუშვა: მე-12 წამზე ზოტოვმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქე მოცელა და პენალტი ნიკოლაი კალინსკიმ უნაკლოდ გამოიყენა.
28-ე წუთზე ყაზანელთა დანიელმა ლეგიონერმა ანდერს დაიერმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ზოტოვი მოედანზე იყო და ასევე წარუმატებლად ითამაშა „ნიჟნი ნოვგოროდის“ გამარჯვების გოლის დროს. მან კალინსკის ჯერ დარტყმის საშუალება მისცა, მერე კი დამატებაზეც ვერ შეუშალა ხელი.
მაგრამ რუსულმა გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ ყურადღება ისევ ხვიჩა კვარაცხელიას წარუმატებელ თამაშზე გაამახვილა.
„ბოლო მატჩებს ზოტოვი წარუმატებლად თამაშობს – ისევე, როგორც მთელი „რუბინი“. ლიდერებიც მწყობრიდან ამოვარდნენ: 52-ე წუთზე ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა კვარაცხელია. ხვიჩა თამაშიდან ისევ ამოვარდა და შეცვლის დროს უკმაყოფილომ ხელთათმანები მოისროლა“, – წერს გამოცემა.
„არ ვიცი, (ხვიჩა) ბედნიერია თუ არა, მაგრამ მისი მოქმედებები გულისხმობდა, რომ ის შესვენების დროს უნდა შემეცვალა“, – განმარტა მატჩის შემდეგ „რუბინის“ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომლის გუნდიც მე-17 ტურის შემდეგ მე-10 ადგილზე ჩამოქვეითდა.