„ჩელსიში“ ქაოსია - რისი უფლება აქვს და არ აქვს ლონდონურ კლუბს რომან აბრამოვიჩზე დაწესებული სანქციების შემდეგ #1TVSPORT
„ჩელსიში“ ქაოსია - რისი უფლება აქვს და არ აქვს ლონდონურ კლუბს რომან აბრამოვიჩზე დაწესებული სანქციების შემდეგ #1TVSPORT

10 მარტს, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს. ოფიციალურ განცხადებაში აბრამოვიჩი აღწერილია, როგორც „კრემლთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც ათწლეულები აკავშირებს ვლადიმერ პუტინთან“. სანქციები ნიშნავს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აბრამოვიჩის ყველა აქტივების გაყინვას, აგრეთვე ბრიტანეთში შესვლასა და იქ ცხოვრებაზე აკრძალვას.

რა თქმა უნდა, სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსი ოლიგარქის მთავარ ბრიტანულ აქტივს – საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“.

„მესმის, რომ ეს ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს, მაგრამ მთავრობა იმუშავებს ლიგასთან და კლუბებთან, რათა ფეხბურთი გაგრძელდეს, ხოლო სანქციებმა დანიშნულებისამებრ იმუშაოს. საფეხბურთო კლუბები – ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა“, – დაწერა „ტვიტერში“ ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრმა ნადინ დორისმა.

მაისის ბოლომდე „ჩელსის“ სპეციალური სპორტული ლიცენზია მისცეს, რომელიც კლუბს მხოლოდ საფეხბურთო აქტივობების უფლებას აძლევს.

 

რისი უფლება არ აქვს „ჩელსის“…

* „ჩელსის“ არ შეუძლია მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, მათ შორის, არც სტუმარი გულშემატკივრებისთვის. თამაშებზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ აბონემენტების მფლობელებს და მათ, ვინც ბილეთები 10 მარტამდე შეიძინეს.

* „ჩელსის“ არ შეუძლია გაყიდოს ფეხბურთელები, გაიფორმოს ახალი მოთამაშეები, გაახანგრძლივოს მოქმედი კონტრაქტები. ზაფხულში ხელშეკრულებები ეწურებათ სესარ ასპილიკუეტას, ანტონიო რიუდიგერსა და ანდრეას კრისტენსენს.

2023 წლის ზაფხულამდე აქვთ კონტრაქტები მარკოს ალონსოს, ტიაგო სილვას, ჟორჟინიოს, როს ბარკლისა და ნ’გოლო კანტეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი იანვრიდან მათ სხვა კლუბებთან კონტრაქტების გაფორმება და „ჩელსიდან“ უფასოდ წასვლა შეეძლებათ.

* დროებით დაიხურება საკლუბო მაღაზიები – „ჩელსი“ ვერ მიიღებს შემოსავალს ატრიბუტიკის გაყიდვიდან.

 

რისი უფლება აქვს „ჩელსის“…

* „ჩელსი“ გააგრძელებს მატჩებში მონაწილეობას.

* „ჩელსის“ შეუძლია ხელფასი გადაუხადოს ყველა თანამშრომელს, მათ შორის – მოთამაშეებსა და მწვრთნელებს.

* 20 ათასი ფუნტის დახარჯვა შეუძლია გასვლით მატჩებზე გასამგზავრებლად (მომდევნო კვირას „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად აქვს მატჩი „ლილთან“ (ეს შესაძლოა პრობლემა გახდეს), ხოლო 500 ათასი ფუნტის დახარჯვა საშინაო მატჩების ჩასატარებლად (სტადიონის მომსახურება, პერსონალის დაქირავება).

* „ჩელსი“ მიიღებს ფულს ტელეტრანსლაციებიდან, მაგრამ მისი დახარჯვა მხოლოდ კლუბის ფუნქციონირებისთვის შეუძლია.

 

როგორც ცნობილია, რომან აბრამოვიჩმა ცოტა ხნის წინ „ჩელსის“ გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და კლუბს კონკრეტული ფასიც დაადო – 3 მილიარდი ფუნტი, მაგრამ, ახლა „ჩელსის“ გაყიდვა ფორმალურად დაბლოკილია. თუმცა, როგორც BBC წერს, ბრიტანეთის მთავრობას ჯერ ისევ შეუძლია წარმოადგინოს ლიცენზია, რომელიც გარიგების განხორციელების საშუალებას იძლევა. თუმცა იმ პირობით, რომ აბრამოვიჩი ცენტსაც ვერ მიიღებს.

გაზეთი The Telegraph ადასტურებს ამ ინფორმაციას და აღწერს პირობას: აბრამოვიჩმა „ჩელსის“ გაყიდვა ბრიტანეთის მთავრობას უნდა მიანდოს. ხაზს უსვამენ იმას, რომ მას სხვა გამოსავალი არ ექნება.

„ის ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს კლუბის გაყიდვიდან“, – უთხრა გაზეთ The Times-ს მთავრობის წარმომადგენელმა.