15 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა, ივან შტრუკმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემები აქვეყნებენ.
ფეხბურთელი ტესტირებაზე იმყოფებოდა ლონდონურ კლუბში, რის შემდეგაც „არისტოკრატებმა“ კონტრაქტი შესთავაზეს.
შტრუკის გარდა, გასინჯვაზე კიდევ 8 ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის გახლდათ ანდრეი შევჩენკოს ვაჟიც, მაგრამ კონტრაქტი მხოლოდ შტრუკს შესთავაზეს, რომელიც ჩორტკოვოდანაა.
15 წლის ივანის მამამ, იგორ შტრუკმა ერთ დროს წარმატებული სეზონი ჩაატარა ჩორტკოვოს „კრისტალსა“ და ტერნოპოლის „ნივაში“, რომელსაც ქართველი პრეზიდენტი ჰყავდა – ავთანდილ მდინარაძე, რომელიც 2020 წლის აგვისტოში 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
ბიჭის ბაბუა, ივან შტრუკი, ასევე თამაშობდა „კრისტალში“, ტერნოპილ „ნივასა“ და ივანო-ფრანკოვსკის „სპარტაკში“.