როგორც გაზეთი AS-ი წერს, ლონდონური კლუბი აპირებს მსხვილი წინადადებით მიმართოს „ბარსელონას“ 18 წლის ესპანელს. იმ შემთხვევაში, თუ გავი მიიღებს „ჩელსის“ წინადადებას, ის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ „ჩელსის“ წარმომადგენლები სპორტული დირექტორის, კრისტოფერ ვიველის ხელმძღვანელობით მადრიდში შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს, ივან დე ლა პენიას. მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და კიდევ ერთი შეხვედრის გამართვაზე, რომელშიც დაწვრილებით იქნება განხილული შესაძლო ტრანსფერის სტრატეგია. თუმცა, გამოცემა Diario Sport-მა უარყო ეს ინფორმაცია და დაწერა, რომ შეხვედრა შეეხებოდა მხოლოდ ლუის ენრიკეს „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნას.
შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ჩელსი“ მეორე შეხვედრას გამართავს გავის აგენტთან. იმავე AS-ის ცნობით, მას დაესწრებიან ლონდონური კლუბის მფლობელი ტოდ ბოელი, დე ლა პენია და ფეხბურთელის მშობლები.
ლონდონელებს მიაჩნიათ, რომ მოვიდა დრო, გავიმ შეიცვალოს აზრი თავის მომავალთან დაკავშირებით. „ჩელსი“ მზად არის, მას გაცილებით მეტი შესთავაზოს, ვიდრე „ბარსელონა“ უხდის.
აღნიშნავენ, რომ გავის შესთავაზებენ სპორტულ პროექტს, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით იმუშაოს. ასევე „ჩელსი“ ნახევარმცველს შემადგენლობის გაძლიერების გარანტიას აძლევს.
ამ სეზონში გავიმ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა „ბარსელონაში“, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.