ახალი სტადიონის მშენებლობა უახლოეს მომავალში „ჩელსის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ბოლო დღეებში კი კლუბმა ამ საკითხში წინ წაიწია.
როგორც გაზეთი The Guardian-ი წერს, „ჩელსიმ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები Transport for London-თან (TfL) ახალი არენის მშენებლობაზე დასავლეთ ლონდონში, ერლს კორტის რაიონში. კლუბმა უკვე იპოვა ტერიტორია ახალი არენისთვის, ხოლო „ჩელსის“ გენერალური გეგმა განხილვის პროცესშია.
ლონდონურ კლუბს არ აწყობს ამჟამინდელი სტადიონის, „სტემფორდ ბრიჯის“ ტევადობა, რომელიც 42 ათასს შეადგენს. შესაბამისად, „ჩელსის“ ახალმა მფლობელებმა მიზნად დაისახეს ახალ არენაზე გადასვლა.
მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ „ჩელსი“ ვერ შეძლებს მოლაპარაკებას ახალი სტადიონის მშენებლობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში კლუბი სათადარიგო გეგმას მიმართავს – „სტემფორდ ბრიჯის“ რეკონსტრუქციას. თუ საქმე აქამდე მივა, „ჩელსი“ რამდენიმე სეზონს სარეზერვო არენაზე ჩაატარებს, სავარაუდოდ, „უემბლიზე“.