ჩეხი ჟურნალისტი - ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად ქართველი და ჩეხი გულშემატკივრების ჰამბურგში შეხვედრა დამამახსოვრდა, ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს #1TVSPORT
„რომელი იყო თქვენი საყვარელი მომენტი ევრო 2024-ზე?“- ამ კითხვით მიმართა უეფა-მ ტურნირის მონაწილე ყველა 24 ქვეყნის წარმომადგენელს, წერილის მთავარ სურათად კი ევრო 2024-ის ერთ-ერთი ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტი იყო გამოტანილი.
„გასული თვის განმავლობაში ევრო 2024-ზე ოცდაოთხივე ნაკრებზე კონკრეტული რეპორტიორები მუშაობდნენ. მათ ვთხოვეთ, ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი მოვლენები დაესახელებინათ“, – წერს უეფა-ს ვებგვერდი.
აღმოჩნდა, რომ ჩეხი ჟურნალისტი ონდრეი ზლამალი შეესწრო ჩეხი და ქართველი გულშემატკივრების ჯგუფს, რომელთა შეხვედრამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მაოხდინა.
„ჩემთვის მთავარი მოვლენა იყო ჰამბურგის Volkspark-ში გასეირნება და ერთ-ერთ რესტორანში მსხდომი გულშემატკივრების ჯგუფის ყურება. შორიდან ვერ გავიგე, წითელი და თეთრი ფორმები ჩეხეთის გულშემატკივრებს ეცვათ თუ ქართველებს. როცა მივუახლოვდი, მივხვდი, რომ ორივე ნაკრების მხარდამჭერები იყვნენ.
ისინი ერთად ისხდნენ და ერთობლივად განიხილავდნენ იმ მატჩის მომენტებს, რომელსაც ახლახან დაესწრნენ. ეს არის ის, რის გამო მიყვარს ფეხბურთი – ის აერთიანებს ადამიანებს“, – წერს ჩეხი რეპორტიორი.
უეფა-ს ვებგვერდის ქართველი რეპორტიორი ვახტანგ ბზიკაძე კი შემდეგს იხსენებს:
„ძალიან ბევრი შესანიშნავი მომენტი მახსენდება. პირველი იყო საქართველოს ნაკრების ჩამოსვლა დიუსელდორფის აეროპორტში, 43 წლის შემდეგ, რაც თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასი მოიგო. შემდეგ იყო, თურქეთთან გახსნის მატჩის წინ ეროვნული ჰიმნის დროს რომ დაგვბურძლა, რასაც მოჰყვა საქართველოს პირველი გოლის სიხარული. შემდეგ გახლდათ პირველი ქულა, პირველი მოგება და პლეი ოფში გასვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანეთთან დაწინაურებაზე. წლების განმავლობაში საქართველო ევროპული ფეხბურთის გულში დაბრუნებაზე ოცნებობდა და საბოლოოდ ასეც მოხდა“.