ჩეხეთში საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმის წინააღმდეგ ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს

22:41, 03.11.2026

ჩეხეთში საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმის წინააღმდეგ ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.

პრაღასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მათ მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი, მათ შორის სტუდენტები და ხელოვანები გამოვიდნენ.

მაუწყებლების თანამშრომლები აცხადებენ, რომ მთავრობის გეგმა საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის და ხელისუფლებას სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას მისცემს.

აქციის მონაწილეები რეფორმის გაუქმებას მოითხოვენ. გაფიცვის გამო ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემებიც შეიზღუდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების არსებული მოდელის შეცვლას გეგმავს. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს უნგრეთში ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს განხორციელებულ რეფორმებს ადარებს და მიიჩნევს, რომ ახალი მოდელი საზოგადოებრივ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის რისკს გაზრდის.

თავის მხრივ, ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ მთავრობა საზოგადოებრივი მედიის კონტროლს არ აპირებს და მხოლოდ მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას ცდილობს.

„არავის სურს საზოგადოებრივი მედიის ხელში ჩაგდება ან სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევა“, — განაცხადა ბაბიშმა.

მსგავსი