ჩეხეთში ქვეყნის პრემიერის წინააღმდეგ და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციები გაიმართა
პრაღასა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
დემონსტრაციის მიზეზი ჩეხეთის იუსტიციის მინისტრის დაგეგმილი ცვლილება გახდა, რომელიც ბაბიშის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფონზე უნდა განხორციელდეს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს 2007 წელს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების გამოყენებისას ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია დაახლოებით ორ მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა პრაღასთან რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.
დაახლოებით ორი კვირის წინ ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება დასრულებულია და პროკურატურას პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაცია მისცა. აღნიშნულიდან ერთი დღის შემდეგ გადადგა იუსტიციის მინისტრი იან კნეზინეკი. აღნიშნულ პოსტზე იგი მარი ბენეშოვამ უნდა შეცვალოს, რომელმაც თავის დროზე დეპუტატობის დროს ანდრეი ბაბიშისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. ბენეშოვა ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის იანვრამდე ის უკვე იკავებდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ირჟი რუსნოკის გარდამავალ მთავრობაში.
პრაღაში გამართული დემონსტრაციის მონაწილეები ბაბიშის საქმის სამართლიან სასამართლო განხილვას ითხოვდნენ.