ჩეხეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის ახალი მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
პრაღის ცენტრში ათასობით ადამიანმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშისა და იუსტიციის ახალი მინისტრის, მარია ბენეშოვას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ხალხმრავალი ანტისამთავრობო აქციები ასევე გაიმართა ჩეხეთის ქალაქებში – ბრნოსა და ოსტრავაში.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის ახლად დანიშნული მინისტრი მარია ბენეშოვა ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ წაყენებულ კორუფციულ ბრალდებებს მიუკერძოებლად არ გამოიძიებს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მილიარდერმა ბაბიშმა 2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიები თავისი ჰოლდინგისთვის გამოიყენა. საუბარია დაახლოებით ორ მილიონ ევროზე. თავად ბაბიში დანაშაულს უარყოფს და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
აპრილში ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება დასრულებულია და პროკურატურას პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაცია მისცა. აღნიშნულიდან ერთი დღის შემდეგ გადადგა იუსტიციის მინისტრი იან კნეზინეკი. ამ პოსტზე ის მარია ბენეშოვამ შეცვალა, რომელმაც თავის დროზე დეპუტატობის დროს ანდრეი ბაბიშისთვის იმუნიტეტის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ბენეშოვა ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის იანვრამდე ის უკვე იკავებდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ირჟი რუსნოკის გარდამავალ მთავრობაში.