ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათობით დაშავდა. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 08:00 საათზე ქალაქ მილავცეში მოხდა.
ჩეხეთის რკინიგზის ცნობით, ერთმანეთს შეეჯახა ადგილობრივი სამგზავრო მატარებელი და საერთაშორისო ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ჩეხეთის ქალაქ პლზენს გერმანიის მიუნხენთან აკავშირებს.
სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში ოთხი ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ჩეხეთის ტრასპორტის მინისტრი კარელ ჰავლიჩეკი სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ადამიანურ შეცდომას ასახელებს.