ჩეხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები გამკაცრდა
ჩეხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები გამკაცრდა

ჩეხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები გამკაცრდა. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვისთვის გაძლიერდა საპოლიციო ძალები. როგორც „როიტერი“ წერს, ჩეხეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ინფიცირების მაჩვენებლების ზრდაა.

ანდრეი ბაბიშმა გამკაცრებული შეზღუდვების შესახებ გასულ კვირას განაცხადა და აღნიშნა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს და საავადმყოფოები კოლაფსთან ახლოს არიან.

„ხალხს დღემდე არ სურს, დაიცვას წესები და სწორედ ამიტომ არის „კოვიდი“ აქ. შესაძლოა, ეს დაგვეხმაროს“, – განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 11-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე გერმანიაში.

ახალი შეზღუდვები, გამონაკლისების გარდა, მოქალაქეებისთვის მშობლიურ ქალაქებსა და რაიონებში მოგზაურობას ზღუდავს. ეს შეზღუდვები ძალაში დღეიდან, ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი წლისთავზე დაწესდა.

სამკვირიანი ბრძანების შესასრულებლად დაახლოებით 26 ათასი პოლიციელი და 3 800 ჯარისკაცი იქნება მობილიზებული.

ჩეხეთში პანდემიამ ჯამში 20 400-ზე მეტი ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა მაჩვენებელმა კი 1 240 000-ს გადააჭარბა.

დატოვე კომენტარი