ჩეხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი - 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შანსი, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა
ჩეხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი - 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შანსი, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შანს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

ალექსანდრ ვონდრა მიიჩნევს, რომ „საქართველოში დაგეგმილი არჩევნები ცხადჰყოფს რომ ის დამსახურებულად არის შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე“.

„ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საეტაპო მომენტს წარმოადგენს. საქართველოს მოქმედმა მთავრობამ წელს დაამტკიცა ახალი საარჩევნო რეფორმა, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები ნაწილობრივ პროპორციულ სისტემაზე გადავა. ეს რეფორმა რეკომენდებული იყო როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე ევროკომისიის მიერ. როგორც კი მთავრობამ რეფორმა წარადგინა, საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღალი და არსებითი მხარდაჭერა მიიღო აშშ-სგან და ევროკავშირისგან, ისევე როგორც ბერლინიდან და პარიზიდან. ამოუხსნელი მიზეზით, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც სათავეში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი უდგას, მხარი არ დაუჭირეს რეფორმას, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ემხრობიან. საბედნიეროდ მმართველმა პარტიამ მოაგროვა საკმარისი ხმები, რათა დაემტკიცებინა რეფორმა, რომელსაც საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა“, – წერს ავტორი.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და ინკლუზიური უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირსა და სხვებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, სადამკვირვებლო მისიების გაუქმება მოუწია.

„ის, რომ საქართველოში დამტკიცებული ნაწილობრვ პროპორციული სისტემა თანხვედრაშია ევროპარლამენტის საარჩევნო სისტემასთან, შემთხვევითი არაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თამამად აცხადებს თავის ამბიციებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ქვეყნის სამოქმედო გეგმის ღერძს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. ბოლო ათწლეულში საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც ევროკავშირისკენ, ისე ნატო-სკენ: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება; MISP კიბერუსაფრთხოების პლატფორმაზე გაწევრება; ნატო-ს საერთაშორისო წვრთნები 2019 და 2020 წლებში. საქართველოს დღესაც უდიდესი მხარდაჭერა აქვს ევროპული საზოგადოების მხრიდან. ევროკავშირის დაფინანსება დაეხმარა საქართველოს COVID პანდემიასთან ბრძოლაში, ხოლო ევროპელი ლიდერები მიესალმებიან საქართველოს დაჩქარებულ სვლას ევროკავშირისკენ. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო, ფაქტობრივად, უკვე პასუხობს ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს.

ევროკავშირის ყოფილი ელჩი პოლ ვანდორენი წერს: „საქართველოს ჰყავს ცალსახად პროევროპული (და ნატო-ს მომხრე) მთავრობა, რომლის ლიდერები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ სურვილს ამ ექსკლუზიური დასავლური გაერთიანებების წევრობასთან დაკავშირებით. 2016 წელს ამოქმედდა ამბიციური ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც საქართველოსთვის წარმოადგენს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის აქტს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ევროპულ იდენტობას და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტს – ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას“, – ნათქვამია სტატიაში.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველო, ისევე როგორც მთლიანად რეგიონი, რუსეთის დეზინფორმაციის სამიზნეა.

„ჩვენ ვერ ავუქცევთ გვერდს ამ არჩევნების რეგიონალურ ფონს: რუსეთის მხრიდან ჩარევა და დეზინფორმაცია შავი ზღვის რეგიონში ცხოვრებისეულ ფაქტს წარმოადგენს და ამ მხრივ საქართველოს სხვაზე არანაკლები აქვს გადატანილი. ქვეყანა ნაწილობრივ (და უკანონოდ) არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ხოლო კიბერშეტევების საფრთხე, მათ შორის ჩარევა არჩევნებში, ყოველდღიური მოვლენაა. სწორედ ამიტომაა ასეთი შთამბეჭდავი საქართველოს დემოკრატიული წინსვლა და ურყევი გადაწყვეტილება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად არჩევნებს, გამოკითხვების თანახმად, მმართველი ხელისუფლება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაშიც თავის წვლილს შეიტანს COVID პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების დადებითი შეფასება საზოგადოების მხრიდან (ქვეყანას აქვს ინფიცირების და სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი). მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არსებითად მნიშვნელოვანია, ევროპელმა ლიდერებმა გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის ევროპული ამბიციების ხორცშესხმის შემდგომი დაჩქარებისთვის. ნამდვილად დემოკრატიული, დასავლური ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში ფასდაუდებელი განძია ავტორიტარიზმის მომხრეთა საპირწონედ, რომელთაც, ხსენებულის ნაცვლად, ქაოსის დამკვირდება სურთ. ქართველი ხალხი და ხელისუფლება ჩვენს მილოცვას იმსახურებენ“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი.