ჩეხეთის სპორტის ლეგენდამ დომინიკ ჰაშეკმა პატიმრობა მოითხოვა იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც რუსეთში ითამაშებენ #1TVSPORT
ლეგენდარულმა ჩეხმა მეკარემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და სტენლის თასის ორგზის მფლობელმა დომინიკ ჰაშეკმა კომენტარი გაუკეთა ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების წევრის დმიტრი იაშკინის გადასვლას სანკტ-პეტერბურგის სკა-ში. ის გამოვიდა წინადადებით – ციხეში მოათავსონ ყველა ჩეხი, ვინც რუსეთში მუშაობს.
„ძალიან ვწუხვარ. ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მუშაობს, მხარს უჭერს რუსულ რეჟიმსა და ომს უკრაინაში, საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვისა და მოქალაქეებისთვის. მაგრამ მე ბრალს არ ვდებ ამ ბიჭს ან მის აგენტს, არამედ, ჩეხეთის მთავრობასა და პარლამენტს, რომელსაც ჯერ არ მიუღია კანონი, რომელიც ამას აკრძალავს“, – დაწერა ჰაშეკმა „ტვიტერში“.
„არის რაღაცეები, რაზეც გავლენას ვერ მოვახდენთ, მაგრამ, ვფიქრობ, რუსეთში მუშაობისთვის 15-წლიანი პატიმრობა დაამშვიდებს ხალხის 99 პროცენტს. ამის შემდეგ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ცხოვრება გაცილებით უსაფრთხო იქნება“, – დაამატა ლეგენდამ.