ლეგენდარული დომინიკ ჰაშეკი ჩეხეთის პრეზიდენტობაზე ფიქრობს
ლეგენდარული დომინიკ ჰაშეკი ჩეხეთის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

ჰოკეიში ჩეხეთის ნაკრების ლეგენდარული მეკარე დომინიკ ჰაშეკი ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან ჩეხურ ჟურნალ „სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ჯერ დიდი კითხვის ნიშანია, მაგრამ მე მართლაც ვფიქრობ ამაზე“, – ამბობს ჰაშეკი.

სრული ინტერვიუ ჯერ არ დაბეჭდილა, მაგრამ „დომინატორმა“ (ჰაშეკის მეტსახელი) უკვე ბევრი მხარდამჭერის შეტყობინება მიიღო.

„უკვე ბევრი მეკითხება ამის შესახებ. ველოდი ამგვარ რეაქციას“, – განაცხადა ყოფილმა ჰოკეისტმა.

დომინიკ ჰაშეკი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) „ჩიკაგოს“, „ბაფალოს“, „დეტროიტისა“ და „ოტავას“ რიგებში თამაშობდა. „რედ უინგზთან“ ერთად ორჯერ მოიგო სტენლის თასი, ექვსჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მეკარე და ორჯერ – სეზონის საუკეთესო მოთამაშე. 1998 წელს, ჩეხი ნაგანოს ოლიმპიადის ჩემპიონი იყო, 2006 წელს კი ტურინის ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა.

ჩეხეთში პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. შემდეგი არჩევნები 2023 წელს გაიმართება.