ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერის, ანდრეი ბაბიშის პოპულისტური პარტია დაამარცხა და მოკავშირეებთან ერთად ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ განაცხადა.
ოპოზიციურმა ჯგუფებმა – „ერთად“ და „მეკობრეებმა“ პარლამენტის ქვედა პალატის 200 ადგილიდან 108 მოიპოვეს, რაც მათ პრემიერის მხარდამჭერი პარტიების შეცვლის საშუალებას აძლევს.
ოპოზიციურმა ჯგუფმა „ერთად“ ხმების 27,72 პროცენტი მიიღო, „მეკობრეებმა“ 15,54, ხოლო ანდრეი ბაბიშის პარტიამ 27,20 პროცენტი.
67 წლის ანდრეი ბაბიშს კორონავირუსის პანდემიასთან არასწორი ბრძოლისა და თანამდებობის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის გამოყენების გამო აკრიტიკებენ.
ოპოზიციური ჯგუფის – „ერთად“ ლიდერის, პეტრ ფიალას განცხადებით, 24 საათის განმავლობაში გაიმართება მოლაპარაკებები „მეკობრეების“ პარტიასთან, ერთიანი მთავრობის ფორმირების თაობაზე. მისი თქმით, მათი მომავალი მთავრობა საგარეო ვალის პრობლემას გადაჭრის და ძალისხმევას არ დაიშურებს დემოკრატიული ევროპის ნაწილად დარჩენისთვის.
„მეკობრეების“ პარტიის ლიდერის, ივან ბარტოსის თქმით, მომავალ მთავრობაში დემოკრატიულ ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, რაც ანდრეი ბაბიშის დომინირების დასრულებას ნიშნავს.