ჩეხეთის საგარეო უწყება – ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.
როგორც ჩეხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ისინი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით არიან.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველი ქვეყნისთვის შეუცვლელ როლს ასრულებენ, რაც ჩეხეთმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის. ჩვენ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს გამოძიებები და გაათავისუფლოს გაყინული ფინანსური რესურსები“, – წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურის ცნობით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.
NGOs play an indispensable role in every country – something Czechia knows from its own experience. We stand with Georgian civil society and urge the Georgian government to halt investigations and release the frozen financial resources. 🇬🇪
— Czech Ministry of Foreign Affairs (@CzechMFA) August 29, 2025