ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა შეძრულია რუსი დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის რეაქციით
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა შეძრულია რუსი დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის რეაქციით

ჩეხეთი შეძრულია რუსი დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის რეაქციით. პრაღაში დამატებით ნაბიჯებს განიხილავენ. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რუსეთის მიერ 20 ჩეხი დიპლომატის გაძევებაზე, რომელთა შორისაც იყო რუსეთში ჩეხეთის ელჩის მოადგილე, იმაზე ხისტი რეაქცია იყო, ვიდრე პრაღაში ელოდებოდნენ.

ამის გათვალისწინებით, ჩეხეთის მთავრობა საპასუხო ნაბიჯების გადადგმის საკითხს განიხილავს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან გამაჩეკის თქმით, მას ამ საკითხზე შეხვედრა დაგეგმილი აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი გააძევა. საქმე ეხება 2014 წელს საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარ აფეთქებას. ჩეხეთის მთავრობის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებულნი არიან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ.