ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში

„შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და მისი სასამართლო პროცესის დახურული ფორმით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს“, – აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.