ჩეხეთის პრეზიდენტი უნგრეთში გამართულ „ფორმულა 1“-ის გრან-პრის ფოტოგრაფის სტატუსით დაესწრო – პაველს საავტომობილო რბოლების გაშუქების მდიდარი გამოცდილება აქვს
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი ბოლიდების ფოტოებს იღებს ბუდაპეშტის მახლობლად, მოდოროდში, ჰუნგარორინგის ტრასაზე 2026 წლის 25 ივლისს, „ფორმულა 1“-ის უნგრეთის გრან-პრის წინა დღეს გამართული მესამე თავისუფალი ვარჯიშის დროს
ვებ-გვერდ Motorsport-ის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი უნგრეთში გამართულ „ფორმულა 1“-ის გრან-პრის ფოტოგრაფის ამპლუაში დაესწრო.
ავტოსპორტი და სპორტული ფოტოგრაფია პეტრ პაველის ჰობია. ჩეხეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციიაგან (FIA) აკრედიტაცია მიიღო და უნგრეთის „ფორმულა 1“-ის გრან-პრი გააშუქა. 64 წლის პრეზიდენტი „ჰუნგარორინგის“ ტრასაზე განვითარებულ მოვლენებს ჩეხ ფოტოგრაფ ირჟი კრშენეკთან ერთად იღებდა.
ბუდაპეშტის მახლობლად გამართული რბოლა „მაკლარენის“ მრბოლელის, ლანდო ნორისის გამარჯვებით დასრულდა. ეს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის პირველი გამარჯვებაა 2026 წელს.
ასპარეზობას ასევე დაესწრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი, რომელმაც სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტის უჩვეულო ამპლუაში ხილვის შესახებ დაწერა.
„იცით, ვინ იყო ფოტოგრაფი, რომელსაც დღეს „ჰუნგარორინგზე“ რბოლის სტარტის აღებამდე წავაწყდი? ეს გახლდათ პეტრ პაველი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც უნგრეთს კერძო ვიზიტით, როგორც მოყვარული ფოტოგრაფი ეწვია“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეხეთის პრეზიდენტმა სპორტულ ღონისძიებაზე ფოტოგრაფის რანგში იმყოფებოდა – 2026 წლის ივნისში პაველმა საფრანგეთში, ლე-მანის 24-საათიანი გამძლეობის ავტორბოლის მიმდინარეობაც გადაიღო.
საერთოდ, პაველს საავტომობილო რბოლების გაშუქების მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი ესწრებოდა MotoGP-ისა და World Superbike-ის რბოლებს, რომლებიც ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში გაიმართა. ჩეხეთის პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა აშშ-ში „ნასკარის“ რბოლებისა და საუდის არაბეთში – „დაკარის რალის“ გადასაღებად.
2025 წელს „დაკარის რალის“ დროს პეტრ პაველის მიერ გადაღებული ფოტოები პრაღის მუზეუმში გამოიფინა. გასულ წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა თავისი ფოტოები საქველმოქმედო აუქციონზე დაახლოებით 30 000 ევროდ გაყიდა. სახელმწიფოს მეთაურმა შემოსული თანხა მთლიანად ბავშვების, მარტოხელა მშობლებისა და ხანდაზმულების დასახმარებლად გადარიცხა.