ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ის ევროპაზე ფოკუსირებიდან გადახვევა არ უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენ უნდა დავიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ის ევროპაზე ფოკუსირებიდან გადახვევა არ უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენ უნდა დავიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა მიიჩნევს, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს, სულ მცირე, მშპ-ის 3%-მდე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ამერიკის საგარეო პოლიტიკის სრული ტრანსფორმაცია. სისწრაფე, მიმართულება და რიტორიკა ნამდვილად გასაკვირია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპაზე ფოკუსირებიდან გადახვევა არ უნდა გაგვიკვირდეს. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ახლავე ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად. პირველ რიგში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები, სულ მცირე, მშპ-ის სამ პროცენტამდე“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა.

ჩეხური მედიის ცნობით, პეტრ ფიალას განცხადებით, ეს თანხები უნდა დაიხარჯოს გონივრულად და ეფექტურად.

„ევროკავშირმა ასევე უნდა შეცვალოს თავისი ფისკალური წესები, რათა შესაძლებელი გახდეს თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში შემდგომი უზარმაზარი ინვესტიციების დაბანდება“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჩეხეთის მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ რეკონსტრუქციის ფონდში დარჩენილი აუთვისებელი 93 მილიარდი ევრო შეიძლება მოხმარდეს თავდაცვის გაძლიერებას. ასევე პეტრ ფიალა მიიჩნევს, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხები უნდა დაიხარჯოს უკრაინის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის, თებერვლის ბოლოს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრმა ყველა სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს სამხედრო ხარჯების მშპ-ის 2%-მდე გაზრდას.