ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი ლადისლავ კრეიჩი - თბილისში არაფერი გამოგვივიდა, ჩვენი ასეთი სუსტი თამაში არასოდეს მინახავს #1TVSPORT
ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ლუკაშ პროვოდმა და ლადისლავ კრეიჩმა საქართველოსთან მარცხის შესახებ (1:4) ჩეხურ მედიასთან ისაუბრეს.
„მატჩი ჩვენთვის არცთუ ისე კარგად წარიმართა. პირველი ოცი წუთი სოლიდურად ვითამაშეთ, მაგრამ ამის შემდეგ ცუდად გამოვიყურებოდით. ალბათ ყველაფერი დაგვაკლდა. ამის ანალიზი და უკრაინასთან სრულიად განსხვავებული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, რადგან თუ ასე ვითამაშებთ, ყველასთან წავაგებთ.
შესვენებამდე ბევრად უკეთესი შედეგის იმედი გვქონდა. ამისთვის წინასწარ ვემზადებოდით, მწვრთნელებმაც გაგვაფრთხილეს, საფრთხე საიდან გვემუქრებოდა. სამწუხაროდ, მაინც არაფერი გამოგვივიდა, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ კი ყველაფერი დაინგრა“, – განაცხადა ČT sport-თან ინტერვიუში ნახევარმცველმა ლუკაშ პროვოდმა.
იმედგაცრუება ვერც ლადისლავ კრეიჩიმ დამალა, რომლის შეცდომების შედეგად ორი გოლი გავიდა.
„ჩეხეთის ნაკრების ასეთი სუსტი თამაში არასოდეს მინახავს. ჩვენ გვინდოდა, მაღალი პრესინგით თამაში, მაგრამ ყველგან ვაგვიანებდით, საქართველოს ნაკრები კი ჩვენი კარისკენ ადვილად მიიწევდა. ვცადეთ, რაღაცის შექმნა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ და ყველაფერი გავაუმჯობესოთ. გოლები ნაადრევად გავუშვით, რამაც გუნდის თავდაჯერებულობაზე ცუდად იმოქმედა. ამ შოკიდან თამაშის ბოლომდე ვერ გამოვედით. რა თქმა უნდა, პენალტი, ჩემი ბრალი იყო და მესამე გოლის დროსაც პოზიციაც ცუდად ავარჩიე“, – ამბობს ლადისლავ კრეიჩი.