ჩეხეთის მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები საბრძოლო მასალის აფეთქებას ბულგარეთში გეგმავდნენ
ჩეხეთის მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები საბრძოლო მასალის აფეთქებას ბულგარეთში გეგმავდნენ

ჩეხეთის მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები საბრძოლო მასალის აფეთქებას ბულგარეთში გეგმავდნენ. ამასთან, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აფეთქება ჩეხეთის ტერიტორიაზე არ უნდა მომხდარიყო.

საუბარია 2014 წელს ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ჩეხეთში ამტკიცებენ, ამუნიცია ბულგარეთში ტრანსპორტირების შემდეგ უნდა აფეთქებულიყო.

გამოძიება ამტკიცებს, რომ საბრძოლო მასალა ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა, რომელიც 2015 წელს მოწამლეს, თუმცა გადარჩა. ჩეხური მედიის ცნობით, გებრევს საბრძოლო მასალა კონფლიქტურ ზონებში შეჰქონდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებული იარაღი უკრაინაში ან სირიაში უნდა შეეტანათ.

ჩეხეთის პოლიცია ეჭვობს, რომ საბრძოლო მასალის აფეთქებასთან დაკავშირებულები არიან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც ჩეხეთში მოლდოვისა და ტაჯიკეთის პასპორტებით მოხვდნენ.

მიშკინი და ჩეპიგა ასევე ბრალდებულები არიან ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. ჩეხური მედიის ცნობით, საქმის დეტალებს უახლოეს ხანში გაეცნობიან ჩეხეთის მთავრობის წევრები. ეს თემა დღესვე განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც.

აგორებული სკანდალის, ფონზე ჩეხეთში ითხოვენ, რომ რუსულ კორპორაცია „როსატომს“ ჩეხეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა აეკრძალოს. მომხდარის შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ უკვე გააძევა ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი, საპასუხოდ კი რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ-გრატად.