ჩეხეთი რუსეთისგან 2014 წელს სამხედრო საწყობში აფეთქების გამო 25,5 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვს
ჩეხეთი რუსეთისგან 2014 წელს სამხედრო საწყობში აფეთქების გამო 25,5 მილიონი ევროს კომპენსაციას ითხოვს

ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთისგან 2014 წელს სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების გამო 25,5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ალექსანდრ ზმეევსკი დაიბარეს, რომელსაც დიპლომატიური ნოტა გადასცეს აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

მიმდინარე წლის აპრილში ჩეხეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა ვრბეტიცეში, საბრძოლო აღჭურვილობის საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან კავშირში. აფეთქებას მაშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ხელისუფლებას აქვს უდავო მტკიცებულებები, რომ აფეთქების უკან „გრუს“ ორი აგენტი დგას. რუსეთი მომხდართან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

რუსეთისთვის ბრალდებების წაყენებასთან ერთად, ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა, რასაც რუსეთის საპასუხო ზომები მოჰყვა. ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატები ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანამაც გააძევა.