ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი - ჩვენი მიზანი ერთა ლიგაზე გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლაა #1TVSPORT
ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ორი მატჩისთვის მზადება პრაღაში დაიწყო. მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა სასტარტო შემადგენლობაში ბოლო მომენტში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.
ჯანმრთელობის პრობლემების და ტრავმის გამო ერთდროულად სამი ცენტრალური მცველი ვერ ითამაშებს – ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა, ესპანეთი), მარტინ ვიტიკი (სპარტა) და დავიდ ზიმა (სლავია), ასევე საყრდენი ნახევარმცველი ლუკაშ კალვაჩი (ვიკტორია პლზენი). ამის გამო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შეკრებაზე მიიწვია ცენტრალური მცველი პატრიციო სტრონატი (პუშკაშის აკადემია) და ახალწვეული საყრდენი ირჟი ბულა (ოსტრავას „ბანიკი“).
„ირჟი ბულა უპრობლემოდ ჯდება ჩვენს სათამაშო სტილში. მის ისტორიას შეუძლია სხვა ფეხბურთელების შთაგონება მოახდინოს – მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია, საბოლოოდ ეროვნულ გუნდში მოხვდა“, – თქვა ივან ჰაშეკმა.
ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი პეტრ ფუშეკი გუნდს შეხვდა და მიზნებზე ისაუბრა:
„ძალიან კარგია, რომ ასეთი გაურკვეველი სტარტის შემდეგ გუნდმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და ახლა ჯგუფში ჩვენთვის სასურველი სატურნირო ვითარებაა. ალბანეთში რთული იქნება, ეს შარშან განვიცადეთ, შემდეგ კი საქართველოსთან სახლში ოლომოუცის სტადიონზე სავსე სახლის წინ ვითამაშებთ. ყველამ იცის, რისთვის ვთამაშობთ – ერთა ლიგის ელიტარულ ჯგუფში დაწინაურება და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლა გვსურს“.
ეროვნული ნაკრები პრაღაში ხუთშაბათამდე მოემზადება და 16 ნოემბერს ალბანეთს ტირანაში დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი სახლში, ოლომოუცში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფში ჰაშეკის გუნდი ამჟამად 7 ქულით ლიდერობს და საქართველოსა და ალბანეთს ქულით უსწრებს, ხოლო უკრაინას – სამი ქულით. გამარჯვებული ერთა ლიგის ელიტარულ A ჯგუფში დაწინაურდება და არის ალბათობა, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშოს.