ჩეხეთის ელჩი - საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ არა მხოლოდ უნდა იპოვონ გზა, როგორ შეასრულონ ევროკომისიის რეკომენდაციები, არამედ სრულად განახორციელონ ისინი
ჩეხეთის ელჩი - საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ არა მხოლოდ უნდა იპოვონ გზა, როგორ შეასრულონ ევროკომისიის რეკომენდაციები, არამედ სრულად განახორციელონ ისინი

საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ არა მხოლოდ უნდა იპოვონ გზა, როგორ შეასრულონ ევროკომისიის რეკომენდაციები, არამედ სრულად განახორციელონ ისინი, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, შეასრულებს ყველა რეკომენდაციას და მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა, როგორც ელჩმა აღნიშნა, რთულია იმის თქმა, როდის მოხდება ეს.

„ვფიქრობ, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყველა მოლაპარაკებას, შეხვედრას და განხილვას პარლამენტში. ჩვენ ვიცით, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, მასში უნდა მონაწილეობდეს მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროცესი დასრულდება წარმატებულად, შემდეგ მოხდება შეფასება ევროკომისიის მხრიდან, შემდეგ რეკომენდაციების შესრულებას განიხილავენ და შეაფასებენ ევროპული საბჭოსა და წევრი ქვეყნების დონეზე. მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, შეასრულებს ყველა რეკომენდაციას და მიიღებს კანდიდატის სტატუსს. რთულია თქმა, როდის მოხდება ეს, რადგან ეს პროცესი ცოტა ხანგრძლივი იქნება. შეფასება გათვალისწინებულია მომავალი წლის გაზაფხულის დასაწყისში, ხოლო ევროპული საბჭოსა და წევრი ქვეყნების დონეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, მოხდება მომავალი წლის ბოლოსთვის. ასე რომ, საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ არა მხოლოდ უნდა იპოვონ გზა, თუ როგორ შეასრულონ ეს რეკომენდაციები, არამედ სრულად განახორციელონ ისინი“, – განაცხადა ელჩმა.

პეტრ მიკისკას კითხვა დაუსვეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებითაც.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ვფიქრობ, მრავალჯერ ითქვა, რომ ჩვენ არ მივისწრაფვით, დავადგინოთ ერთი პიროვნება, ერთი სახელი, ერთი გვარი. შეიძლება მოხდეს ისე, თუ ერთი პიროვნების საკითხი გადაიჭრება, შესაძლოა, ასევე იყოს სხვა პიროვნებებაც. საუბარია სისტემაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების სისტემის შექმნაზე, რომელიც არანაირად არ დაუშვებს ისეთი პიროვნების გაჩენას, რომელსაც შეეძლება, გავლენის მოხდენა პოლიტიკის, ეკონომიკის, მედიის სფეროებზე. იქნება საუბარი ერთ პიროვნებაზე თუ მეორეზე – ეს ყველაფერი სპეკულაციებია“, – განაცხადა ჩეხეთის ელჩმა.

ამასთან, მიკისკას განცხადებით, აშკარაა, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირის წევრობისკენ, არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, თუმცა, მისივე თქმით, არ სურს, დაადასტუროს, არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები.

„ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის ევროკავშირის წევრობისკენ, არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ეს აშკარაა. ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან ყურადღებით უნდა იყოს განხილული და არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მედიაში. ჩვენ ვსაუბრობთ თანამდებობის პირებთანაც, თუმცა, მე არ მსურს, დავადასტურო, არიან თუ არა პოლიტპატიმრები საქართველოში“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.