ჩეხეთიდან არალეგალურად შეტანილი იარაღი ბერლინის კრიმინალურ ბანდებში სულ უფრო პოპულარული ხდება
ლეიტენანტი რეი მესეკი ბრიჯპორტის პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილებაში ნებაყოფლობით ჩაბარებულ პისტოლეტს არეგისტრირებს. ბრიჯპორტი, კონექტიკუტი, 2012 წლის 22 დეკემბერი
გერმანიის დედაქალაქის ქუჩებში საგრძნობლად გახშირდა ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობა. ამ ინციდენტებს გამომძიებლები ერთმანეთთან დაპირისპირებულ თურქულ კრიმინალურ ბანდებს უკავშირებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლის პარალელურად, ადგილობრივ ბიზნესმენებს ფულს სძალავენ. გარდა ამისა, ბერლინში ჩეხეთიდან დიდი რაოდენობით არალეგალური იარაღიც შედის.
გრაფეკიცი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია. სწორედ ამიტომ, მაისის ბოლოს იქ მომხდარმა სროლამ ქალაქში დიდი აჟიოტაჟი და შეშფოთება გამოიწვია. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილზე ავტომობილით მივიდნენ, თუმცა მათი სამიზნე ელექტროსკუტერით უვნებლად გაიქცა. პოლიცია ამჟამად იძიებს, ხომ არ არის ეს შემთხვევა სხვა ინციდენტებთან დაკავშირებული.
ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე ავტოსკოლაც არაერთხელ გახმხდარა თავდასხმის ობიექტი. ამ უძრავი ქონების მფლობელები ბერლინში ცხოვრობენ, თუმცა თურქული წარმოშობისანი არიან. ავტოსკოლაზე თავდასხმები ადრე, ძირითადად, მხოლოდ მატერიალური ზიანით მთავრდებოდა, თუმცა გასული შემოდგომიდან მოყოლებული, სროლის შედეგად, აქ დაახლოებით 30 ადამიანი დაიჭრა და, სულ მცირე, ორი გარდაიცვალა.
„ჩვენი საგამოძიებო ვერსიის თანახმად, ეს შემთხვევები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და სავარაუდოდ, საქმე გვაქვს კონკრეტულ კრიმინალურ ჯგუფთან, რომელიც მიზანმიმართულად ესხმის თავს და სძალავს ფულს აქ მცხოვრებ თურქ ბიზნესმენებს“, – განაცხადა ბერლინის პოლიციის წარმომადგენელმა, ფლორიან ნატმა.
იარაღი ჩეხეთიდან
მან ასევე აღნიშნა, რომ ბერლინის პოლიციამ კრიმინალებს ჩეხური წარმოების იარაღი ჩამოართვა. „ჩვენი ინფორმაციით, ჩეხეთი გამოიყენება როგორც სატრანზიტო ქვეყანა. გარდა ამისა, შესაძლოა, იქ ჯერ კიდევ ინახება ცეცხლსასროლი იარაღის ძველი მარაგები, რომელთა ნაწილი გასული საუკუნის 40-50-იან წლებშია წარმოებული“, – ამბობს ნატი.
გასულ წელს ბერლინის პოლიციამ ქალაქში სროლის 515 შემთხვევა დააფიქსირა, რაც 70 პროცენტით მეტია, 2024 წელთან შედარებით. ახალმა სპეციალიზებულმა საგამოძიებო განყოფილებამ, ოქტომბრის შემდეგ, ათობით ცეცხლსასროლი იარაღი და ასობით ვაზნა ამოიღო. 37 ეჭვმიტანილს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ამ დრომდე ყველა მსხვერპლი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პირი იყო. თუმცა, პოლიციის წარმომადგენლები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ვინაიდან სროლები მოძრავი მანქანებიდან, დღისით-მზისით და ისეთ ადგილებში ხდება, როგორიცაა ზემოხსენებული გრაფეკიცი მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოხვდება უდანაშაულო გამვლელს ბრმა ტყვია.
მოვლენების ასეთი განვითარების საპასუხოდ, ქალაქ ბერლინის მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს. მისი მოთხოვნაა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა ან გამოყენება მცირე სამართალდარღვევად აღარ მიიჩნეოდეს და ის სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდეს. ამ წინადადებას პოლიციამაც მიესალმა, რადგან ეს ცვლილება სამართალდამცავებს გამოძიების პროცესში ფარული მიყურადებისა და თვალთვალის საშუალებას მისცემს.