ჩეხეთი მოლდოვაში სამხედრო და საავიაციო ატაშეს გზავნის, რის მიზეზადაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილი საფრთხე სახელდება
ჩეხეთის რესპუბლიკა მოლდოვაში სამხედრო და საავიაციო ატაშეს გზავნის. როგორც ჩეხეთში განმარტავენ, აღნიშნული თანამდებობის შექმნის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილი საფრთხეა.
ჩეხური მედიის ცნობით, სამხედრო დიპლომატის პასუხისმგებლობა მოიცავს თავდაცვითი ურთიერთობების გაძლიერებას.
როგორც ადგილობრივ რადიოს მოლდოვაში ჩეხეთის ელჩმა, სტანისლავ კაზეცკიმ განუცხადა, ქვეყანაში სამხედრო ატაშეს გაგზავნის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
„ეს იყო პასუხი გლობალური უსაფრთხოების ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, – აღნიშნა დეპარტამენტის სპიკერმა, დევიდ იარეშმა.
დიპლომატი მუშაობას კიშინეუში, ჩეხეთის საელჩოში სექტემბერში შეუდგება. თავდაცვის სამინისტრო ატაშეს ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.
„მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მიმდინარე მოვლენებისგან. ჩეხეთი, ისევე როგორც მრავალი სხვა სახელმწიფო, აძლიერებს თანამშრომლობას მოლდოვასთან და მხარს უჭერს მის ევროკავშირში ინტეგრაციას“, – განაცხადა იარეშმა.
სამხედრო ატაშეს პოსტის შექმნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს, პეტრ ფიალასა და მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია.