ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს, ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს
ჭავჭავაძის გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს. რამდენიმე წუთის წინ საპოლიციო ღონისძიება განხორციელდა თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი.
ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი მელიქიშვილის გამზირის მხრიდან გამოჩნდა. მიიყვანეს სპეციალური ტექნიკაც. ისმოდა გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ დაშლილიყვნენ მომიტინგეები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება.
აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პიროტექნიკის სროლა სამართალდამცველების მისამართით, რის შემდეგაც გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი. მოხდა ცეცხლის ჩაქრობა, რომელიც მომიტინგეებმა ხელოვნურად აღმართულ ბარიკადებს წაუკიდეს.
თუმცა წყლის ჭავლის გამოყენებამდე მომიტინგეებმა გადაადგილება დაიწყეს ვაკის პარკისკენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ აღარ იმყოფებიან.