ჩარლზ ტანოკი - მივესალმები საქართველოს ძალისხმევას, მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზება და ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადასაჭრელად
ჩარლზ ტანოკი - მივესალმები საქართველოს ძალისხმევას, მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზება და ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადასაჭრელად

მივესალმები საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზება და ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადასაჭრელად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჩარლზ ტანოკმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრა ორი რეგიონის ოკუპაციით გაგრძელდა. როგორც ტანოკმა აღნიშნა, ეს ნათლად ადასტურებს, რომ ორმა ქვეყანამ განსხვავებული გზა აირჩია – რუსეთი წავიდა ავტორიტარული რეჟიმისკენ და საქართველომ გააგრძელა დემოკრატიული განვითარება.

„მე საქართველოს მეგობარი ვარ და მხარს ვუჭერ ევროკავშირის ძალისხმევას, დაეხმაროს ქვეყანას ტრანსფორმაციის პერიოდში, დემოკრატიულ განვითარებაში, ღია და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

მივესალმები საქართველოს ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზება და ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადასაჭრელად. რუსეთი საპირისპიროდ იქცევა. რუსეთი იგნორირებას უკეთებს აღებულ ვალდებულებებს, პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონმდებლობას, ნორმებს და პრინციპებს.

მე ჩემი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება რუსეთიდან უნდა დავიწყოთ. მან პატივი უნდა სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას“, – განაცხადა ჩარლზ ტანოკმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.