ჭანტურია მალტაში ითამაშებს – „ეს დროებით, მერე იტალიაში დავბრუნდები“
რომან ჭანტურია დროებით მალტაში ითამაშებს – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ფეხბურთელმა თავად დაუდასტურა.
„თბილისის „ლოკომოტივიდან” ზაფხულში წამოვედი და ფორმაში არ ვიყავი, რადგან კუნთი მაწუხებდა და დრო გამიცდა, საქართველოს ჩემპიონატშიც ამის გამო თითქმის ვერ ვითამაშე. ახლა კი “ემპოლიმ” მალტას უმაღლესი ლიგის გუნდში “სენგლეა ატლეტიკში” ნახევარი სეზონით გამანათხოვრა. მალტაში წასვლაზე ვერასოდეს წამოიდგენდა, რომ არა – ტრავმა. იძულებული ვიყავი, მალტის გუნდში თამაშს სათამაშო პრაქტიკის იმედად დავთანხმებულიყავი. “სენგლეა ატლეტიკი” იტალიელების გუნდია, ნახევარზე მეტი იტალიელი და არგენტინელი თამაშობს და ამის გამოც წამოვედი. უკვე ორი თამაში შეუცვლელად ჩავატარე. დღეს კი სერია B-ს გუნდთან ამხანაგური თამაში გვქონდა, 2:0 მოვიგეთ და ორი გოლი გავიტანე. მალტაში ჩემი ყოფნა დროებითია, მერე კი იტალიაში დავბრუნდები” – ამბობს პირველ არხთან ჭანტურია.
ჭანტურია იტალიაში იტალიურ “ემპოლიში” 2013 წელს “ლოკომოტივიდან“ გადავიდა – იყო იტალიური კლუბის 17 და 19-წლამდელთა გუნდების ლიდერი, ბოლოს კი მთავარი გუნდის წევრიც გახდა და სერია “ა”-ს განაცხადშიც იყო, მაგრამ “ემპოლის” ფორმა ოფიციალური მატჩებში არ მოურგია.