Channel 13 - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა პალესტინისთვის იორდანეს დასავლეთ ნაპირის 85-90%-ის მიკუთვნებას ითვალისწინებს
Channel 13 - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა პალესტინისთვის იორდანეს დასავლეთ ნაპირის 85-90%-ის მიკუთვნებას ითვალისწინებს

ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო ინიციატივა პალესტინისთვის მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის 85-90%-ის მიკუთვნებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტელეკომპანია Channel 13 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ახალი სამშვიდობო გეგმის მიხედვით, პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმის არაბული უბნები განიხილება.

სამშვიდობო ინიციატივის მიხედვით, დასავლეთ იერუსალიმზე კონტროლს ისრაელი შეინარჩუნებს, ე.წ. წმინდა აუზზე კონტროლს კი, პალესტინელები, იორდანია და შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა მხარეებს ტერიტორიების გაცვლას შესთავაზებს, რაც ისრაელს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაუსახლებელ და განუსაზღვრელ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.

ისრაელის ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთის საკითხებში თეთრი სახლის საგანგებო დესპანი გამოეხმაურა და მცდარი უწოდა. ჯეისონ გრინბლატის თქმით, გეგმაზე სპეკულაციები არაპროდუქტიულია და დედამიწაზე ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თუ რას გულისხმობს ინიციატივა.