ჩაკვეტაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა
ჩაკვეტაძის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

გიორგი ჩაკვეტაძემ ოპერაცია გაიკეთა. საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევმა ნახევარმცველმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

გაუგებარი მიზეზებით, ბელგიური გუნდი დიდხანს ცდილობდა, ქართველის ტრავმა დაემალა. მაგრამ ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების მცდელობა ორჯერ წარუმატებლად დასრულდა და საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ქართველი ფეხბურთელი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებდა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ოპერაცია მუხლზე დღეს ანტვერპენში ჩაუტარდა. ოპერაციას გოგა გახოკიძე და ლაშა ჯაკობიაც ესწრებოდნენ, რომლებიც ფეხბურთელის სატრანსფერო საქმეებს უნგრელ როჯერ ანგოტესთან ერთად წარმართავენ.

მათგან ცნობილი გახდა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 19 წლის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. შესაძლოა, „ჯვაროსნების“ ლიდერი მოედანს ოთხ თვეში დაუბრუნდეს. მაგრამ ეს ჯერ მაინც ვარაუდია, ზუსტი პასუხი კი კითხვაზე, რამდენი ხანი გაგრძელდება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის რეაბილიტაცია და მოედანს როდის დაუბრუნდება, ჯერაც უცნობია. ამის შესახებ კლუბს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც ცნობილია, ტრავმის გამო ჩაკვეტაძემ ბელგიის თასის ფინალი გამოტოვა, სადაც „გენტი“ „მეჰელენთან“ 1:2 დამარცხდა.