იტალიური ვებ-გვერდი „ჩიტაჩელესტე“ (cittaceleste.it), რომელიც საფეხბურთო კლუბ „ლაციოს“ მხარდამჭერია, გიორგი ჩაკვეტაძეზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ რომაული კლუბის მესვეურები ქართველ ნახევარმცველს აქტიურად აკვირდებიან. „ლაციოს ამბები: იგლი ტარეს ობიექტივში ახალი თავდამსხმელი მოექცა“ – ასე ეწოდება სტატიას, რომელშიც ქართველი ფეხბურთელია დახასიათებული.
იგლი ტარე ალბანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ლაციოს სპორტული დირექტორია.
„ჩაკვეტაძე, რომელმაც „ერთა ლიგაზე“ ოთხი გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა და საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა, მემარჯვენე თავდასხმითი ხასიათის მოთამაშეა. მისი მოწოდება პლეიმეიკერობაა, მაგრამ ასევე შეუძლია პირველ და მეორე თავდამსხმელად თამაში. ეს ბიჭი გვაჩვენებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი თვისება აქვს, ამიტომ უკვე მიიქცია ისეთი კლუბების ყურადღება, როგორებიც არიან „ბარსელონა“, „ბავარია“, „ბორუსია დორტმუნდი“, „ტოტენჰემი“ და „რომა“. „გეტნმა“ მასში მილიონნახევარი ევრო გადაიხადა, ახლა კი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 13 მილიონია. ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი მას 2020 წელს ეწურება. „გენტი“ ცდილობს დაარწმუნოს ჩაკვეტაძე, რომ ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, მაგრამ ფეხბურთელმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ფეხბურთში დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია. იგლი ტარე უკვე სწავლობს სიტუაციას“, – ნათქვამია სტატიაში.