ჩაკვეტაძის მენეჯერი - გიორგი „გენტის“ განაცხადში არაა და ნაკრებშიც ვერ ჩამოვიდოდა
ჩაკვეტაძის მენეჯერი - გიორგი „გენტის“ განაცხადში არაა და ნაკრებშიც ვერ ჩამოვიდოდა

ლაშა ჯაკობიამ პირველ არხთან უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტს“ დაუბრუნდა და ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „სენტრ-ტრუიდენთან“ სამატჩო განაცხადში შეიყვანეს.

პირველი არხი დაუკავშირდა ფეხბურთელის მენეჯერს, ლაშა ჯაკობიას, რომელიც ბელგიაში გიორგი ჩაკვეტაძეთან ერთად იმყოფება და დავინტერესდით, თუ გიორგი მომჯობინდა, საქართველოს ნაკრებში რატომ ვერ ჩამოდის.

გენტში“ გიორგისთან ერთად ვარ და მასთან დაკავშირებით რეალურ ინფორმაციას გეტყვით – გიორგი დღეს განაცხადში არაა, რადგან ჯერ სათამაშოდ მზად არაა და საქართველოს ნაკრებში როგორ ჩამოვიდოდა? არადა, კომენტარებში გულშემატკივრები წერენ, რომ „გენტის“ განაცხადში თუ მოხვდა, საქართველოს ნაკრებში რატომ არ არისო და უკმაყოფილოები არიან. ეს იმიტომ, რომ რეალური ვითარება არ იცოდნენ და იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ გიორგის საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი არ უთქვამს“ – ამბობს პირველ არხთან ჯაკობია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რომელიც ჩაკვეტაძის მენეჯერია, მოთამაშის პრობლემაზე გველაპარაკა: „გიორგიმ მუხლის შემოწმება ორშაბათს კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს და მხოლოდ ექიმის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, ვარჯიშის დაწყებას გუნდთან ერთად როდის შეძლებს. გიორგი განიცდის, რომ ვერ თამაშობს, განსაკუთრებით კი ნაკრებს რომ ვერ დაეხმარება. თუმცა იმედი გვაქვს, ორშაბათს სასიკეთო ამბავს გვეტყვიან“.

ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა „გენტის“ ვარჯიშის ფოტოები, სადაც საერთო ჯგუფში ჩაკვეტაძეც ჩანდა. ჯაკობიას ამაზეც ვკითხეთ: „სურათი კი გამოქვეყნდა, მაგრამ გიორგის საერთო ჯგუფში არ უვარჯიშია. უბრალოდ, გუნდთან ერთად გახურდა და მერე ვარჯიში ინდივიდუალურად გააგრძელა“.