ჩაკვეტაძემ ითამაშა, პარკაძე განაცხადშიც არ იყო #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ ითამაშა, პარკაძე განაცხადშიც არ იყო #1TVSPORT

ჩვენი ლეგიონერების გუნდებმა ავსტრიისა და ინგლისის რანგით მეორე ლიგებში მორიგი შეხვედრები ჩაატარეს, მაგრამ მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა.

ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „სტოკ სიტის“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სტუმართა სამატჩო განაცხადში იყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა.

მესამე ტურის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი მეორე ტაიმის დასაწყისში გაიხსნა. 53-ე წუთზე „სტოკი“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ანდრე ფილიპე ვიდიგალიმ დააწინაურა და „უოტფორდი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. სამი ტურის შემდეგ გუნდი 4 ქულით მერვე ადგილზე ჩამოქვეითდა.

ავსტრიის II ლიგაში კი ლუკა პარკაძის „ადმირა ვაკერი“ „დორბირნს“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. ყველა იმედოვნებდა, რომ 18 წლის ქართველი შემტევი სადებიუტო თამაშს ჩაატარებდა, მაგრამ ის „ადმირას“ განაცხადში ვერ მოხვდა. პარკაძის გუნდიც პირველად დამარცხდა და ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა.