ჩაკვეტაძემ „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაიყვანა და დაშავდა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიურმა „გენტმა“ ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და დაამარცხა, რაშიც გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი როლი თამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, თავად ისევ დაშავდა.

ლასლო ბელენის გათავისუფლების შემდეგ, „გენტი“ ვიმ დე დეკერმა ჩაიბარა – ახალგაზრდა ბელგიელმა სპეციალისტმა სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ანგარიში 36-ე წუთზე „გენტმა“ გახსნა – ბელგიელთა გერმანელმა ლეგიონერმა ნიკლას დორშმა გუნდის კაპიტან სვენ კუმსის ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა.

გიორგი საწყის წუთებში ჩრდილში იყო, მაგრამ შესვენებისკენ გააქტიურდა. 44-ე წუთზე რომან იარემჩუკი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას მცველი გადაეღობა და არაზუსტად დაარტყა.

ერთ წუთში იარემჩუკმა მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და კარის წინ ჩაკვეტაძესთან ერთად დაიძრა, მაგრამ ბურთი ძალიან წინ გაიგდო, მარტო დარჩენილ ჩაკვეტაძესაც არ უპასა და მშვენიერი მომენტი გაანიავა.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმის 57-ე წუთზე ჩაკვეტაძე საჯარიმოში შევარდა, მცველმა წააქცია და ავსტრიელთა კარში პენალტი დაინიშნა. მსაჯმა თამაში შეაჩერა, ქართველისთვის დახმარება რომ გაეწიათ. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ვიმ დე დეკერი იძულებული გახდა, ტრავმირებული ქართველი შეეცვალა.

პენალტი იარემჩუკმა გოლად აქცია. 90+3 წუთზე იუსუფ დემირმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ, „გენტმა“ 2:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა, რომელიც უკვე ორმატჩიანი იქნება – ბელგიელები კიევის „დინამოს” დაუპირისპირდებიან, რომელმაც ნიდერლანდური „ალკმაარი“ 2:0 დაამარცხა. გიორგი წიტაიშვილი კიეველთა განაცხადშიც არ იყო.

მოიგო ნიკა ნინუას სალონიკის პაოკ-მაც, რომელმაც სახლში ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი ბერძნული გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. პლეი ოფში პაოკ-იკრასნოდარს” შეხვდება.