ჩაკვეტაძე თავის სტიქიაში - ქართველის გოლი და საგოლე პასი ბელგიის თასზე [ვიდეო]
გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიაში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. მისმა გუნდმა „გენტმა“ შეხვედრა მოიგო, 19 წლის ქართველი კი ორი საგოლე შეტევის მონაწილე გახდა.
ეს ბელგიის თასის 1/8-ფინალში მოხდა, სადაც „გენტი“ „ბერსხროტს“ მასპინძლობდა და 3:0 დაამარცხა.
ანგარიში უკრაინელმა რომან იარემჩუკმა მე-18 წუთზე გახსნა. 43-ე წუთზე კი სიგურდ როსტედმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. მას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაეხმარა – გიორგის გადაცემის შემდეგ „გენტის“ ნორვეგიელი ფეხბურთელი კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა.
საბოლოო ანგარიში 90+1 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა დააფიქსირა. ჩაკვეტაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და მეკარეს ახლო კუთხეში აუღებელი დაურტყა. საბოლოოდ „გენტმა“ 3:0 გაიმარჯვა.