ჩაკვეტაძე ბელგიის ტოპ-10 ტალანტებში დიდი უპირატესობით დაწინაურდა
ჩაკვეტაძე ბელგიის ტოპ-10 ტალანტებში დიდი უპირატესობით დაწინაურდა

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის 2018/19 წლების საუკეთესო ტალანტებში ლიდერობს – გამოკითხვას voetbalnieuws.be ატარებს და გულშემატკივარს 10 გამორჩეულ ახალგაზრდას შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზა.

ბელგიურმა გამოცემამ გამოკითხვა მცირე ხნის წინ დაიწყო – თავიდან „გენკის“ 20 წლის ნორვეგიელი ნახევარმცველი სანდერ ბერგი ლიდერობდა. მაგრამ სოციალურ ქსელში გაისმა მოწოდება – „მიეცით ხმა გიორგის, ტოპ 10 ბელგიის ჩემპიონატის ტალანტს შორის ის მეორე ადგილზეა, ჯერჯერობით“.

ეს „ჯერჯერობით“ ძალიან მცირე ხნით გაგრძელდა – და ქართველმა თავდაპირველი ჩამორჩენა დაძლია. ახლა საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი დიდი უპირატესობით დაწინაურდა – მას გამოკითხულთა 68% უჭერს მხარს, ხოლო ნორვეგიელს (რომლის ტრანსფერიც 12 მილიონ ევროდაა შეფასებული) – მხოლოდ 20%.

voetbalnieuws ქართველის წარდგენას ასე ასაბუთებს – „გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში „გენტში“ კარგად თამაშობს. მისით უკვე ისეთი გუნდები დაინტერესდნენ, როგორებიცაა „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „რომა“, „დორტმუნდი“, „რომა“. როგორც ჩანს, ის „გენტს“ ზაფხულში დიდ ფულს მოუტანს“.