ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე პატრულმა არველაძემ დააჯარიმა, მიზეზი ველოსიპედით მოძრაობისას კანონის დარღვევაა
„ველოსიპედით არ იაროთ, ხალხო, ჯარიმაა,“ – ამ პოსტით გამოეხმაურა გიორგი ჩაკვეტაძე იმ ფაქტს, რომ ველოსიპედით მოძრაობისას დააჯარიმეს და „ინსტაგრამ“-ზე (Instagram) ჯარიმის ქვითრის ფოტო გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი კორონავირუსის გამო სამშობლოში დაბრუნდა და ფორმის შენარჩუნებას სახლის პირობებშიც ცდილობს, ასევე სირბილით და ველოსიპედზე დატვირთვით. ერთ-ერთი გასეირნების დროს, ფეხბურთელი პატრულ-ინსპექტორმა გოჩა არველაძემ დააჯარიმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას კრძალავს, მაგრამ ველოსიპედის ტარება ნებადართულია.
ჩაკვეტაძე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლით დააჯარიმეს. სადაც წერია, რომ ამ მუხლით პირი შემდეგ შემთხვევაში ჯარიმდება – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა“.