ცესკომ და შსს-მ 19 მაისის არჩევნებისთვის მემორანდუმი გააფორმეს
ცესკომ და შსს-მ 19 მაისის არჩევნებისთვის მემორანდუმი გააფორმეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს, მიმდინარე წლის 19 მაისს გასამართი რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობას, რაც არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

„ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკვე მეოთხე წელია, რაც ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს აწერენ ხელს 2016, 2017 და 2018 წლებში გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე მხარეებმა როგორც პარლამენტის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით როგორც ერთობლივი ღონისძიებები, ისე სასწავლო პროგრამები განახორციელეს”, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.