ხათუნა სამნიძე - ცესკო-ში წევრების შემადგენლობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასება გვქონდა, ჩანაწერი, რომელიც ერთ კონკრეტულ ვითარებაზეა მორგებული, მომავალში პრობლემას შექმნის 
ხათუნა სამნიძე - ცესკო-ში წევრების შემადგენლობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასება გვქონდა, ჩანაწერი, რომელიც ერთ კონკრეტულ ვითარებაზეა მორგებული, მომავალში პრობლემას შექმნის 

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს სამუშაო ჯგუფის მორიგ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარტიულ მოადგილესთან დაკავშირებით.

„სამ ძირითად საკითხზე ვისაუბრეთ დღეს. ეს იყო ცესკო-ს თავმჯდომარის პარტიული მოადგილე, რაც სადავო თემა იყო, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ერთი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციური პარტიებიდან უნდა იყოს. ეს „ქართულ ოცნებაში” იწვევს შიშებს, საფრთხეს ხედავენ, ამიტომ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ეს ჩანაწერი აუცილებლად შესრულდეს და დაემატოს სხვა მექანიზმი, რომელიც ორივე მხარეს შეათანხმებს და საფრთხეებს აღმოფხვრის.

ამიტომ საუბარია ორ მოადგილეზე, რომელთაგანაც ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, მეორე კი შესაძლოა, იყოს ცესკო-ს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი. კიდევ ერთი საკითხი იყო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია, კანონპროექტში სრულად აისახა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, თემაზე საუბრისას სამნიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სადავოა მესამე საკითხი, რომელიც ცესკო-ში წევრების შემადგენლობას შეეხება.

მისი თქმით, ჩანაწერი, რომელიც ერთ კონკრეტულ ვითარებაზეა მორგებული, ყოველთვის შექმნის პრობლემას მომავალში.

„მესამე საკითხია, ცესკო-ში წევრების შემადგენლობა. ახალი თემა, რომელსაც არ ვეთანხმები და ამაზე გვქონდა მძიმე შეფასება, არის, რომ „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ეს მუხლი მოარგოს კონკრეტულ სიტუაციას. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს” ცესკო-ში წევრი ჰყავს, ეს პარტია პარლამენტში არ შევიდა და მას გამოეყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს. საუბარია, რომ მათ მიენიჭოთ უფლება, ჰყავდეთ ცესკო-ში წევრი და არა „პატრიოტთა ალიანსს”.  ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას ეხება. მუხლი, ჩანაწერი, რომელიც ერთ კონკრეტულ ვითარებაზეა მორგებული, ყოველთვის შექმნის პრობლემას მომავალში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.