ცესკო - შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენებიც შეემატა, მივმართავთ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი მონაცემები
ცესკო - შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენებიც შეემატა, მივმართავთ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი მონაცემები

შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენებიც შეემატა, მივმართავთ მხარეებს, არ გაავრცელონ არასწორი მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

„შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, საარჩევნო ბიულეტენებიც შეემატა. დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ საჯარო პირები, საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები.

კერძოდ: თითქოს დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღმოჩნდა მთაწმინდის ოლქის ბიულეტენები. ჯერ კიდევ კენჭისყრის დღეს 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია სტამბის წუნის მქონე ბიულეტენებთან დაკავშირებით, როდესაც სტამბას შეერია დიდუბისა და მთაწმინდის ოლქების ბიულეტენები. იმისათვის, რომ კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულიყო, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ, იმსჯელა და განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება ერთგვაროვანი ბიულეტენი (ანუ მერის ნაწილში) ჩათვლილიყო დიდუბის ბიულეტენად. აღნიშნულის შესახებ, რა თქმა უნდა ინფორმაციას ფლობდა ოლქის ყველა კომისიის წევრი.

უკვე მერამდენედ მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებს, არ გაავრცელონ არასწორი და დეზინფორმაციული მონაცემები. კვლავ მოგიწოდებთ ყველას, იმისათვის, რომ საარჩევნო გარემომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პროცესები კვლავაც გამჭვირვალედ წარიმართოს, თავი შეიკავეთ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი მონაცემების გავრცელებისგან“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.