ცესკო-ს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
ცესკო-ს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

2021 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე იმსჯელეს დღეს ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი, ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა და სხვა საკითხები.

მსჯელობაში ჩართულნი იყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური.

ცესკო-ს პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიერ მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს.

ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული სამართლებრივი აქტები, რომლებიც ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა.

„ვისაუბრეთ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებისა და სამზადისის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ახორციელებს. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათგან ვიღებთ რეკომენდაციებს, რომლებიც პროცესის სწორად წარმართვაში ძალიან გვეხმარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაცია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს თანამშრომელთა სწრაფ ტესტირებას, ასევე წახალისებულია ვაქცინაციის პროცესი, რაც ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ვრცელდება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ ყურადღება გაამახვილა 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის წესზე, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა.

სახალხო დამცველის თქმით, ინფორმაცია მიიღო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

„მივიღე ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც გამჭვირვალობისა და საჯაროობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. ასევე, ვისაუბრეთ წინა არჩევნებზე სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ინფორმირების კამპანიას, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში. ჩემი რეკომენდაციაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ აქტიური საინფორმაციო კამპანიით ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ და რა პროცედურების გავლით მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ.