ცესკო-ს თავმჯდომარე ამომრჩეველთა ერთიან სიაში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ცესკო-ს თავმჯდომარე ამომრჩეველთა ერთიან სიაში გარდაცვლილ პირებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მინდა, დავადასტურო ის ფაქტი, რომ, სამწუხაროდ, გარდაცვლილი პირები კვლავ იქნებიან ამორჩეველთა ერთიან სიაში, ამას შესაბამისი ახსნა და გარემოებები აქვს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 14 სექტემბერი იყო ის ბოლო ვადა, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო, ამომრჩეველთა ერთიანი სიის, მისი და მისი ოჯახის წევრების გადამოწმების მიზნით ცესკო-ს ქვემდგომი კომისიებისთვის მიემართა.

თუმცა, კალანდარიშვილის განმარტებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ვეღარ მოხდება იმ ადამიანების ამოღება, რომლებიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე ბოლო 18 დღეში გარდაიცვალნენ.

„ამომრჩეველთა სია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი სენსიტური საკითხია, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ არსებული სიები არის ზედმიწევნით დახვეწილი, განვითარებული. სია არის ცოცხალი ორგანიზმი იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად ხდება მისი განახლება იმ სამწუხარო გარემოებების გამო, რომელიც მაგალითად, უკავშირდება გარდაცვალების შემთხვევას. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ ეს დადასტურებულია სამართლებრივად და ინფორმაცია მოწოდებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციას, ხდება მისი ამოღება. ასევე, ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც ხდებიან 18 წლის, პირველად ხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იძენენ ამომრჩევლის სტატუსს. ამ მხრივაც განახლებები არის, ასევე სხვადასხვა კომპონენტია. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის ის ერთადერთი უწყება, რომლის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზეც ხდება ამომრჩეველთა ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირება. აქ არიან ჯანდაცვის უწყებები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, რომლებიც გვაწვდიან სხვადასხვა ტიპის მონაცემს, მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას, რათა ჩვენ ვუზრუნველყოთ ამ მონაცემების კონსოლიდირება, ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლება, შემდგომ საარჩევნო ოლქებად და საარჩევნო უბნებად დაყოფა.

რაც შეეხება გარდაცვლილ პირებს, მინდა, თქვენც და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, დავადასტურო ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, გარდაცვლილი პირები კვლავ იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ბუნებრივია, ამას აქვს შესაბამისი ახსნა და შესაბამისი გარემოებები. მაგალითად, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 18 დღისა – 14 სექტემბერი იყო ის ბოლო ვადა, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმების მიზნით, მისი და მისი ოჯახის წევრების გადამოწმების მიზნით მიემართა ჩვენი ქვემდგომი კომისიებისთვის – საოლქო, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხდარიყო შესაბამისი განცხადებით მიმართვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებდით, ვიმოქმედებდით. მაგრამ, დამეთანხმებით, ბოლო 18 დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდება ადამიანების გარდაცვალება. შესაბამისად, ამ 18 დღეში ვინც გარდაიცვლებოდა, ბუნებრივია, სიიდან ამ ადამიანების ამოღება ვერ მოხდება, ცხადია, ეს ადამიანები იქნებიან. მაგალითად, ადამიანი, რომელიც შეიძლება, დღეს გარდაიცვალოს, ან ხვალ და ა.შ. 18-დღიან მონაკვეთში რაც შეიძლება, განვითარდეს“, – განაცხადა ცეკსო-ს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ შორის ათეული წლის წინ გარდაიცვალნენ და კვლავ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

„რატომ არიან? პირველი იმიტომ, რომ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ მონაცემებში როცა ეს პირები არიან, ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, მოვახდინოთ ჩვენებურად, ანუ თვითნებურად ვიღაცის ამოღება ან ჩამატება ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გარდაცვალების ფაქტის შემთხვევას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი მტკიცებულება, რომ პირი გარდაიცვალა. სახელმწიფო სერვისების სააგენტოს შესაბამის რაიონულ სამსახურებში ან მუნიციპალიტეტის ორგანოებში ხდება გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირება იურიდიულად და შესაბამისი მსვლელობა. სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევები, მათ შორის ძველი შემთხვევები, როცა არ ხდება ამ პირთა შესახებ დადასტურებული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი უწყებებისთვის. ამ უწყებებს რომ არ აქვთ ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, ის უწყება ჩვენ გვაწვდის იმ ინფორმაციას, რაც მათ ხელთ აქვთ. შემდეგ ჩვენ შესაბამისად ვაკეთებთ უკვე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებად დაყოფას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში საჭიროა, არსებობდეს შესაბამისი ოფიციალური დადასტურება პირის გარდაცვალების შესახებ, და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოს შესაბამისმა უწყებებმა ჯერ საწყის ეტაპზე მისი ამ მონაცემებიდან ამოღება და უკვე ჩვენთვის განახლებული მონაცემების გადმოცემის დროს იქედან ამოღება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პირი, ვისთვისაც ცნობილია აღნიშნული პროცედურების შესახებ, ამ საკითხს მანიპულაციისთვის იყენებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი პირი, როცა მათთვის კარგად ცნობილია ამ პროცედურების შესახებ, ამ საკითხს იყენებს ერთგვარად მანიპულაციისთვის, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის გარკვეული დისკრედიტაცია, თითქოს სიებში არიან გარდაცვლილი პირები. იქნებიან, მეგობრებო, ვიდრე არ განხორციელდება ყველა ასეთი პირის სათანადო წესის მიხედვით ამოღება შესაბამისი უწყებების და შემდგომ ცესკო-ს მიერ. გასულ პერიოდში გვესმოდა გარკვეული შემთხვევები, წუხილები, რომ გარდაცვლილი პირები არიან, თუმცა ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მედიასივრცეში გავრცელდა, გარკვეულად უკავშირდებოდა წინა განახლებას და არა შემდგომ განახლებას, რომელიც 15 სექტემბერს განხორციელდა. ბოლო განახლების შედეგად ბევრი ასეთი კატეგორიის ადამიანი იქნა ამოღებული, სია უფრო განახლდა, დაიხვეწა, კიდევ უფრო სრულყოფილია და ნაბჯ-ნაბიჯ მივდივართ იქამდე, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია კიდევ უფრო დაიხვეწოს“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

დატოვე კომენტარი