ცესკო-ს პრესსპიკერი - სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმა გამოიწვია
ცესკო-ს პრესსპიკერი - სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმა გამოიწვია

სამწუხაროა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმა გამოიწვია, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის დღევანდელი განცხადებით დადასტურდა, რომ ე.წ. 8-პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს, რაც უკვე მეორე არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა.

სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას, საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.

დღეს უკვე, 8-პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია.

ამასთან დაკავშირებით, ცესკო-მ, საჯარო განცხადების გარდა, 22 იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება, ე.წ. 8-პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს, ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით ასეთი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.

ცესკო-მ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკო-ს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52 პროცენტში ფიქსირდება“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

„სამართლიანი არჩევნების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ სართანიას განცხადებით, კენჭისყრის დღის დასრულების შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ დათვლით დაუბალანსებელმა უბნებმა 8 პროცენტი შეადგინა, თუმცა ამ მონაცემში შესწორების ოქმები გათვალისწინებული არ ყოფილა. მისივე თქმით, შესწორების ოქმების შედგენის შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ და ცესკო-ს მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა.

დატოვე კომენტარი