ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.
ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.
კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყარა კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო, ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი. საკმარისი ხმების მოგროვება ვერც მეორე კენჭისყრაზე მოხერხდა. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დაინიშნა მესამე კენჭისყრა, რომელზეც უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა, თუმცა საჭირო ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საბოლოოდ, კანდიდატების დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდა, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით, შემდეგ კი, კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.