ცესკო - „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაავრცელა დეზინფორმაცია, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებისგან
ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის ბრალდებებს პასუხობს.
ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია კონკრეტული პირების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის ტირაჟირება სხვადასხვა წყაროებით.
„მაგალითად, აქვთ მცდელობა საზოგადოების თვალში 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი დააზიანონ, რასაც უკვე აქვს კამპანიური ხასიათი.
საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დეზინფორმაციისა და ცილისწამების კამპანია დღეს ორკესტრირებულად გაგრძელდა ზოგიერთ მედიასაშუალებაში თითქმის იდენტური სიუჟეტებით.
„პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია ზემოთ ხსენებული პროცესის მიმართ (მისი პოზიციები კი საეჭვოდ ემთხვევა ცალკეული ძალების დაუფარავ საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაციისთვის), მაშინ როცა, შუალედური არჩევნების გამოცხადების მომენტიდან, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული ნაბიჯი გამოირჩეოდა მაღალი გამჭვირვალობით და საჯაროობით, როდესაც ცესკო-ს თითოეული წევრი – პროფესიული ნიშნით არჩეული თუ პარტიების მიერ დანიშნული, აქტიურად იყო ჩართული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევისას გასაუბრების პროცესში. გასაუბრება კანდიდატებთან წარიმართა ცესკო-ს სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირებით (კონკურსანტების თანხმობით); ცესკო-ს წევრების უმრავლესობამ გამოიყენა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა. პირდაპირი ეთერით წარიმართა ცესკო-ს სხდომაც, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს.
დღეს კი ბატონმა ფარულავამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს უწოდა ფორმალური და განაცხადა, რომ კონკურსი „ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტებს“. თუმცაღა, მასაც რომ ედევნებინა გასაუბრებებისთვის თვალი, გაიგებდა, რომ ცესკო-ს წევრებმა კონკურსანტების შერჩევისას იხელმძღვანელეს მათი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არაერთ მათგანს აქვს საარჩევნო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და ისეთი ცოდნა, რომელიც შუალედური არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას შეუწყობს ხელს.
20/20-ის ლიდერი სრულიად უაპელაციოდ, საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მიზნით იყენებს ტერმინებს – „ფალსიფიკაცია“, „მანიპულაცია“, არგუმენტირების გარეშე უწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიების ახლად არჩეულ წევრებს „სუს-ის აგენტებს“ და „ტროლებს“, „სუს-ისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივ დესანტებს“, რითაც პირდაპირ აზიანებს ამ პირების პროფესიონალიზმს და რეპუტაციას და შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციას.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი არც ცესკო-ს ერთ-ერთი წევრის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოერიდა, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. მოვუწოდებთ „პლატფორმა 20/20“-ის ლიდერს კონსტრუქციულობისა და ეთიკის ნორმების დაცვისკენ და შესაბამისად მოვითხოვთ, მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებისგან. საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის აქტივობებს არჩევნების ორგანიზებისთვის და მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას არჩევნებში ჩართულ მხარეებს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სექტორს და მედიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენი საქმიანობა კვლავაც იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი“, – აცხადებენ ცესკო-ში.