ცესკო - მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ხვალ, 19 მაისს, თბილისში, N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. გარდა ამისა, 19 მაისს, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.
19 მაისს არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.
„თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი დღეს დასრულდება. ხვალ, დილის 08:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.
არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები – 2 ბიულეტენს. ამასთან, ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ 19 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაცია წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის კიდევ ერთ ეტაპს განახორციელებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა, ცესკოს მიერ, 2018 წელს, 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა“, – განაცხადა ან მიქელაძემ.
მისივე თქმით, 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების დღეს გააშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
„აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნოლოგიური სერვისებით სარგებლობის და თავიანთი წარმომადგენლების ონლაინ რეგისტრაციის პროგრამის საშუალებით დანიშვნის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მსგავსად, 19 მაისის არჩევნებისთვის პირველად მიეცა მედია ორგანიზიაციებსაც.
საჭიროებისას ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმითა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. ასევე, ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე“, – აცხადებს ანა მიქელაძე.
მისივე თქმით, 19 მაისს, დილის 07:00 სთ-დან იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი.
„მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
19 მაისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები“, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა.
ამასთან, ანა მიქელაძემ აღნიშნა: „საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას“.